საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით, დევნილთა დაბრუნების ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა. მასში განსაზღვრულია ძირითადი სამოქმედო პრიორიტეტები _ დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესება, მათი დასაქმება, განათლებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა, მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით, ამ პირთა მიკროსესხებით უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და სხვა სოციალური პრობლემების მოგვარება.
ამავე დოკუმენტშია ასახული საპრეზიდენტო პროგრამა "ჩემი სახლი", რომელიც დევნილთა ქონების აღრიცხვას ითვალისწინებს. ამასთნ, გუშინ თბილისში დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, პროფესორი ვალტერ კელინი ჩამოვიდა. სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კელინი შეხვდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ვიზიტის მიზანია, საქართველოს ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს მიერ მომზადებული ეროვნული სტრატეგიის განხილვა და მის განსახორციელებლად აუცილებელი საერთაშორისო მხარდაჭერის გამოხატვა.
დევნილთა დაბრუნების სტრატეგიის შესახებ "ინეტრპრესნიუსი" სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ გიორგი ხევიაშვილს ესაუბრა.
აქამდე ყველა ორგანიზაცია, ყველა უწყება თუ არასამთავრობო სექტორი დევნილთა მცირე და ლოკალურ პრობლემას წყვეტდა. ამ პრობლემისადმი გლობალური მიდგომა და პოლიტიკური ნების გამოვლენა არ არსებობდა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, არსებობდეს პოლიტიკური ნება და ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ დევნილთა სოციალური პრობლემები.
თქვენი აზრით, დოკუმენტი სრულყოფილია თუ მას შესწორებები სჭირდება?
მცირე ნაწილი, რა თქმა უნდა, კორექტირებული იქნება. ამ კორექტირებას პარლამენტი და მთავრობა განახორციელებს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დოკუმენტის 95 პროცენტი უცვლელი დარჩება. სტრატეგია მთავრობას 2007 წლის თებერვლის თვეში წარედგინება. თებერვალშივე მოხდება სტრატეგიის განხილვა საქართველოს პარლამენტში.
რა ეტაპზეა პროექტი "ჩემი სახლი", რომელიც დევნილთა ქონების აღრიცხვას თვალისწინებს?
"ჩემი სახლის" პროექტი დევნილთა დაბრუნების სტრატეგიაშიცაა ასახული და ეს პროექტი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწონებული და მხარდაჭერილია. დღევანდელი მდგომარეობით, 100-ათასზე მეტმა დევნილმა შეავსო დეკლარაციები, რაც იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ თამამად შეგვიძლია, საერთაშორისო სამართლის მეშვეობით ამ ქონების იურიდიული გაფორმება მოვახდინოთ.
როგორც ცნობილია, აფხაზეთში სეპარატისტები ქართველების საცხოვრებელ სახლებს თვითნებურად იკავებენ...
მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ საპრეზიდენტო პროგრამა "ჩვენი სახლი", ქართველთა სახლების მითვისების პროცესი შეჩერდა. ეტყობა, რუსები მიხვდნენ, რომ ქართველთა სახლების უკანონო დაპატრონება, უძრავი ქონების თუ საბანკო ანგარიშების მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე დაყადაღებას გამოიწვევს.
რაც შეეხება დევნილთა რეგისტრაციას, რა ეტაპზეა ეს პროცესი?
დევნილთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ჩვენ განვახორციელეთ პილოტური პროექტი რუსთავში. რეგისტრაციების შეფერხება გამოიწვია იმან, რომ საკანონმდებლო ბაზა დასახვეწი იყო. კანონმდებლობის დახვეწის შემდეგ, 2007 წლიდან დევნილთა რეგისტრაციას თბილისსა და სხვა რეგიონებშიც დავიწყებთ.

